top of page

ამბლიოპიის მკურნალობის ახალი „რევოლუციური“ მეთოდი

  • Writer: Nino Kobakhidze
    Nino Kobakhidze
  • May 21, 2024
  • 2 min read

დიქოპტიკურ თერაპიას შეუძლია მხედველობის სიმახვილისა და ბინოკულარული მხედველობის გაუმჯობესება.


“ჩვენ მივიღეთ შესანიშნავი შედეგები არამარტო ზარმაც თვალში მხედველობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არამედ, ბინოკულარულად, ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზეც.“

 

სპეციალური „ტვინის სავარჯიშო“ კომპიუტერული პროგრამა წარმოადგენს ამბლიოპიის კორექციისა და მხედველობის გაუმჯობესების მაღალეფექტურ მკურნალობის მეთოდს, ზრდასრულ პაციენტებშიც კი,  ამბობს ართურ ქამინგსი.

„ამბლიოპიის დიქოპტიკური თერაპია აბსოლუტურად ცვლის არსებულ მიდგომას ამბლიოპიის მკურნალობაში“ - აღნიშნა მან EuroTimes-თან. „მისი მოქმედების მექანიზმი შესანიშნავი, ამასთან, ძალზე მარტივია და პარადიგმის აბსოლუტური ცვლილების საშუალებას გვაძლევს.“

კომპანია Bynocs-მა, რომლის კონსულტანტიც არის დოქტორი ქამინგსი, ამბლიოპიის სამკურნალოდ შექმნა მხედველობის თერაპიის პროგრამული უზრუნველყოფა (AmblyGo), სპეციალური კომპიუტერული თამაშების სახით. პაციენტი თამაშობს ორივე ღია თვალით და სპეციალური 3D ანაგლიფური სათვალით (სხვადასხვა ფერის ლინზებით), დღეში ნახევარი საათი, 30 დღის განმავლობაში.

“ჩვენ დავაფიქსირეთ შესანიშნავი შედეგები, არამარტო ზარმაცი თვალის მხედველობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, არამედ ტვინშიც, ორივე თვალით ერთდროულად ყურებისას, აღნიშნა მან.


ree

როგორ მუშაობს

„ზარმაცი თვალის“ ტრადიციული მკურნალობა მოიცავს „კარგი თვალის“ ახვევას, ბავშვთა ასაკში, რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაშიც კი. ატროპინის წვეთები ოკლუზიური თერაპიის კიდევ ერთი საშუალებაა. პედიატრიულ თვალის დაავადებათა მკვლევართა ჯგუფის (PEDIG) მიერ ჩატარებულმა ფუნდამენტურმა კვლევამ უჩვენა, რომ დღეში ორი საათის განმავლობაში თვალის ახვევა ან ატროპინის წვეთები შაბათ-კვირას, ისევე ეფექტურია, როგორც უფრო ინტენსიური თერაპია.

დღემდე, ამბლიოპიის მქონე ზრდასრულებს, რომლებსაც არ ჩაუტარდათ მკურნალობა ადრეულ ასაკში ან მკურნალობა წარუმატებელი იყო, მხედველობის გაუმჯობესების არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდათ. ისეთი პროცედურები, როგორიცაა მხედველობის ლაზდერული კორექცია, მიზანშეწონილი არ არის ერთადერთ მხედველ თვალზე, პროცედურის რისკების გამო, აღნიშნა დოქტორმა ქამინგსმა.

თუმცა, დღესდღეობით, დიქოპტიკური თერაპიის წყალობით, ეს პრობლემა აღარ დგას - მხედველობის ტრენინგის პროცესი მოიცავს ორივე თვალისთვის ერთდროულ და ცალ-ცალკე მხედველობითი სტიმულების წარდგენას.

Bynocs-ის პროგრამული უზრუნველყოფა ორივე თვალს წარუდგენს გამოსახულებებს დარეგულირებული კონტრასტით, ისე, რომ დომინანტურმა თვალმა მიიღოს  უფრო დაბალი კონტრასტულობის გამოსახულება, ვიდრე ამბლიოპიურმა თვალმა. შედეგად, ტვინი იღებს ერთნაირ გამოსახულებას ორივე თვალიდან, რაც ხელს უწყობს ტვინის მიერ ორივე თვალის ერთდროულ გამოყენებას.

კონტრასტების ასეთი დიფერენცირება, ხსნის თვალთაშორის სუპრესიას, რის შედეგადაც ხდება მხედველობის მდგრადი გაუმჯობესება. ნეიროადაპტაციური მკურნალობა არაინვაზიური, უსაფრთხო და ძალზე ეფექტურია, თქვა დოქტორმა ქამინგსმა.


კვლევის მონაცემები

დოქტორმა ქამინგსმა წარმოადგინა ამბლიოპიის მქონე 13-დან 65 წლამდე ასაკის 45 პაცენტის შედეგები, რომლებსაც დიქოპტიკური მკურნალობა ჩაუტარდათ მის კლინიკაში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ადრე ამ ასაკის პაციენტებისთვის რაიმე სახის მკურნალობა არ არსებობდა.

მხედველობის სიმახვილე და სტერეოსკოპიული მხედველობა იზომებოდა ექვსკვირიანი დიქოპტიკური მკურნალობის დაწყებამდე და მის შემდეგ. 45 პაციენტიდან 20-ს ჰქონდა ანიზომეტროპული ამბლიოპია (ამბლიოპიის კატეგორია, რომელიც ყველაზე უკეთ ექვემდებარება დიქოპტიკურ თერაპიას), 13 პაციენტს არ ჰქონდა სტერეოსკოპური მხედველობა თერაპიის დაწყებამდე, მათგან 11-ს განუვითარდა სტერეოსკოპული მხედველობა მკურნალობის შედეგად. შვიდ პაციენტს ჰქონდა გარკვეული სტერეოსკოპული მხედველობა და ყველა მათგანს გაუუმჯობესდა ეს პარამეტრი. პაციენტებს გაუუმჯობესდათ კორეგირებული მხედველობა 3-დან 5-მდე ხაზით, ამბლიოპიურ თვალში.

როგორც დოქტორი ქამინგსი ამბობს, კვლევის შედეგების მიხედვით, დიქოპტიკური თერაპია ძალზე ეფექტურია მხედველობის და სტერეოსკოპული მხედველობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ზრდასრულ ასაკში, განსაკუთრებით, როდესაც ეს გამოწვეულია ანიზომეტროპიით.

„ეს ძალზე ამაღელვებელია. იდეალურ შემთხვევაში, 10-15 წელიწადში ეს იქნება ამბლიოპიის ძირითადი მკურნალობის მეთოდი ბავშვებისთვისაც, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ზრდასრულების წარმატებით მკურნალობის შესახებ უფრო ფართოდ გახდება ცნობილი. რატომ არ უნდა ითამაშოს ბავშვმა ვიდეოთამაში, თვალის ახვევის ნაცვლად?“

დოქტორმა ქამინგსმა წარაგინა მისი შედეგები ირლანდიის ოფთალმოლოგთა კოლეჯის ყოველწლიურ კონფერენციაზე, 2023 წელს, ქალაქ კილარნიში, ირლანდიაში.


ართურ ბ. ქამინგსი, MD, FRCSed, FWRCS არის ველინგტონის თვალის კლინიკის სამედიცინო დირექტორი. დუბლინი, ირლანდია. ABC@WellingtonEyeClinic.com


სტატიის ორიგინალური ვერსია იხილეთ აქ:

 
 
 

Comments


©2022 by ოფთალმოლოგია. Proudly created with Wix.com

bottom of page